საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს, საზღვრებსა და უსაფრთხოებას დაიცავს. დიპლომატმა ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.
ამ განცხადებით კარლ ჰარცელი რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტის თეზისების გამეორება ცეცხლთან თამაშია.
"ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი, საზღვრები და უსაფრთხოება. აქტიურად ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონფლიქტის მოგვარება სწორი გზით ხორციელდებოდეს. გუშინ მოისმინეთ განცხადება იმის შესახებ, რომ ვაპირებთ მეტი რესურსის გამოყოფას იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, გავაძლიეროთ სამედიცინო და საინჟინრო შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში მედეგობისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ არჩევანს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის თავად ქვეყნების ხელში და თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა განახორციელოს ეს,"-აღნიშნა კარლ ჰარცელმა.