16 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
"რუსეთი ნატოს გაფართოებაზე ვეტოს უფლებით ვერ ისარგებლებს" - ეუთოში აშშ-ის ელჩი "კურიერის" კითხვებს პასუხობს

კითხვა-პასუხი ინგლისურ-რუსულად - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის "კურიერის" მიერ დასმულმა კითხვამ უკვე არაერთი მედია საშუალება მოიარა.

მაიკლ კარპენტერმა ფაქტობრივად პასუხი გასცა სერგეი ლავროვს, რომლის პრესმდივანმაც გუშინ "რუსთავი 2-ის" კორესპონდენტს რამდენჯერმე შეაწყვეტინა კითხვა. მარიამ ზახაროვას დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, სერგეი ლავროვს "კურიერმა" კითხვა რუსულად მაინც არ დაუსვა.

NATO-ს გაფართოებაზე დღეს ეუთოში შეერთებული შტატების ელჩმაც ისაუბრა.

მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ რუსეთი ნატოს გაფართოებაზე ვეტოს უფლებით ვერ ისარგებლებს.

კარპენტერი 2008 წლის აგვისტოს ომზეც საუბრობს და ამბობს, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა რუსეთმა გამოიყენა მეზობელთან შესაჭრელად და ეს იყო საქართველო. მისი განცხადებით, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. 

მას სჯერა, რომ ქართულ საზოგადოებას მეტი დაცულობისთვის, საკუთარ თავდაცვისუნარიანობაზე ფოკუსირება სჭირდება:

"აშშ არ მიიღებს რომელიმე სახელმწიფოს ვეტოს, სხვა სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე ან სასურველი ალიანსების ჩამოყალიბებაზე. მეტიც, ღია კარის პრინციპი არის პრინციპი, რომელსაც ევროატლანტიკური სივრცის ნებისმიერი სახელმწიფო იზიარებს. რაც შეეხება იმას თუ გრძნობენ ან ფიქრობენ ამაზე ჩვენი რუსი მეგობრები, ეს მათ უნდა ჰკითხოთ, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს უნდა ჰკითხოთ, რატომ გააკეთა ეს განცხადებები ახლა. ვითარება ახლა მართლაც დაძაბულია, რუსული სამხედრო ძალა მასიურად განლაგდა უკრაინის საზღვრებთან.

ჩვენ ვნახეთ, რაც მოხდა 2008 წელს, როდესაც ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა რუსეთმა გამოიყენა მეზობელთან შესაჭრელად და მოახდინა თქვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და ეს დღემდე გრძელდება. თავს ვერ მოვიჩვენებთ, რომ ეს სერიოზული არაა, რადგან ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ამიტომაც ჩვენი ადმინისტრაცია მუდმივად წევს ამ საკითხის აქტუალობას ყველა საუბარში. საქართველოს რაც შეეხება, პენტაგონში ყოფნის დროს, მე ვხელმძღვანელობდი საქართველოს თავდაცვის მზაობის პროგრამას და დღემდე მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო უნდა ფოკუსირდეს საკუთარ თავდაცვისუნარიანობაზე, მედეგობის გაზრდაზე, უნდა გააღრმავოს დემოკრატიული რეფორმები - რადგან ეს ისაა, რაც ქართულ საზოგადოებას სჭირდება მეტი დაცულობისთვის.

პოზიტიურად ვაფასებთ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას რეგიონში. ჩვენ წავახალისეთ საქართველო, რომ რეგიონალური ლიდერობა ეკისრა სომხეთთან და აზერებაიჯანთან ურთიერთქმედებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ეს გააკეთა კიდეც. ჩვენ გვსურს, რომ ეს ასეც გაგრძელდეს. ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს ერთობლივ მუშაობას აქვს სარგებელი, სარგებელი ექნება ამერიკის მეტ ჩართულობასაც სამხრეთ კავკასიაში. ეს ორი რამ ხელს შეუწყობს მიზნების მიღწევას, რაც მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკურ გაწევრიანების ინტერესშიცაა და ამ მისწრაფებას უფრო რეალურს გახდის," - აცხადებს აშშ-ის ელჩი ეუთოში მაიკლ კარპენტერი.

დღის ამბები