ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ექიმებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალთან გვიან ღამით განაცხადეს. ექიმებმა ისაუბრეს იმ პრეპარატებზეც, რომელსაც ყოფილ პრეზიდენტს აძლევენ. ნინო გოგორიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა 2020 წელს გადაიტანა კოვიდი, ჰქონდა ძილის პრობლემები და დანიშნული ჰქონდა ფსიქოტროპული პრეპარატები.
"ყველა მედიკამენტი, რომელიც ინიშნება, გადის საკმაოდ ძლიერ წნეხს, რომ არ იყოს მაგ წამლის გვერდითი მოვლენები, არ ავნოს ჯანმრთელობას სხვა კუთხით. 2020 წელს მიხეილ სააკაშვილმა გადაიტანა კოვიდი და ჰქონდა გარკვეული პრობლემები ძილის, შესაბამისად, ჰქონდა დანიშნული ფსიქოტროპული საძილე პრეპარატები,“- ამბობს ნინო გოგორიშვილი.
ცენტრ "ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ნერვოლოგიურად, ლაბილურია, შესაბამისად, საჭიროა მკურნალობას.
"როდესაც ციხეში ხდება ფსიქოტროპული პრეპარატების არამიზნობრივი გამოყენება- ჭარბი გამოყენება, ან პაციენტისთვის ნარკოტიკული პრეპარატების მიღება არამართლზომიერად, ეს განიხილება, როგორც ფსიქო-ფარმაკოლოგიური წამება და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ახსნა განმარტება უნდა გაკეთდეს, რატომ იყო დანიშნული, რატომ ითვლება საძილე პრეპარატად ნეიროლეფსიური პრეპარატი,“- განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.