16 ნოემბერი 2024,   11:02
ვრცლად
სააკაშვილი სასამართლოში, ხმაური საკრებულოებში, ონლაინკაზინოების აკრძალვა, ომიკრონი - გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები

გასული კვირა უდავოდ იყო გამორჩეული მინიმუმ ერთი ისტორიული ფაქტის გამო, ამ ფაქტს ასე ჰქვია : "მიშა სასამართლოში", "საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ქართული მართლმსაჯულების წინაშე", "სააკაშვილი, რომელიც ბრალდებულიც არის და მსჯავრდებულიც" - როგორც გნებავთ...

ჩვენთვისაც კი, ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად უამრავ ამბავს ვაშუქებთ და შთაბეჭდილებების ქვეშ იშვიათად ვართ, ამ პროცესის თანამონაწილეობა და საქალაქო სასამართლოში მუშაობა განსხვავებულ შეგრძნებებს იწვევდა. ერთია ინტერესი და, გარდა ამისა, არის კონტრასტის შეგრძნება - ბევრი დაცვა, პოლიცია და ექსპრეზიდენტის ესკორტი, რომელიც, რეალურად, პატიმრის ბადრაგია, პოლიტიკური სიტყვა ტრიბუნიდან, რომელიც, რეალურად ბრალდებულისთვის განკუთვნილი დალუქული კაბინაა.

ბრალდებებიც სწორედ ძალაუფლებას და ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას უკავშირდება. ან, მისით ტკბობას და შედეგად, ბიუჯეტიდან მილიონების გაფლანგვას. ყველას აინტერესებდა, რას იტყოდა სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილი ამ ბრალდებებთან დაკავშირებით. პასუხი სრული უარყოფა იყო. მაგალითად, ამბობდა, რომ სადაო 9 მილიონი მხოლოდ სახელმწიფო მიზნებისთვის დაიხარჯა და ეს საჭირო გადაწყვეტილებები იყო. 7 ნოემბრის მოვლენებს კი ტელევიზორთან ადევნებდა თვალს და ყველა გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილი იღებდა. აღიარება არ ყოფილა, თუმცა იყო ერთი ბოდიში, იმავე სასამართლოს მანკიერებებთან დაკავშირებით, სადაც ახლა თავად ასამართლებენ. დანარჩენი დრო ორივე პროცესზე პოლიტიკურ მოწოდებებს დაეთმო.

მიხეილ სააკაშვილი თითქმის არ იმჩნევდა მოსამართლეებს და პროკურორებს და მათთან კონტაქტში იშვიათად შედიოდა, სამაგიეროდ, მუდმივად კონტაქტობდა კამერასთან. ამ დროს არაერთი ოპერატორისგან თუ ჟურნალისტისგან ნათქვამი ასეთი ფრაზა მოვისმინე, რომ "მიშა ძველებურად იყო ფორმაში". ცდილობდა, ეფექტური გამოსვლა ჰქონოდა და გავლენა მოეხდინა მაყურებლებზე. ეს, მინიმუმ, სასამართლოსთან შეკრებილი მისი მხარდამჭერების ქცევაზე აისახა, რომლებიც ხან ტაშს უკრავდნენ, ხან კი მწვავე პროტესტს გამოხატავდნენ. იყო ჩხუბიც, გზის გადაკეტვაც და დაკავებებიც... სააკაშვილის მიმართ ბრალდებები მრავლად არის და მას სასამართლოში კიდევ არაერთხელ ვიხილავთ. მათ შორის, მომდევნო კვირაში. შემდეგი სხდომა 10 დეკემბერს არის დანიშნული.

ჩხუბის და მწვავე სანახაობის დეფიციტი არც სხვა სივრცეებში ყოფილა. აი, მაგალითად, საკრებულოებში, სადაც ახლადარჩეული დეპუტატები ბევრ რამეზე ვერ თანხმდებიან. მათ შორის, ვერც თავმჯდომარეების არჩევაზე. ნაწილ თვითმმართველ ქალაქებსა და თემებში თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს, თუმცა ეს არ ეხება დედაქალაქს. ორი დღის წინ დამტკიცდა, რომ თბილისის საკრებულოს მეორე ვადით გიორგი ტყემალაძე უხელმძღვანელებს.

გასულ კვირას საინტერესო სიახლეები შემოგვთავაზა ქვეყნის ცენტრალურმა მთავრობამ. ეს, მათ შორის, ეხებოდა ინიციატივას, რომელმაც პირველ ეტაპზე:

* ონლაინ კაზინოების რეკლამა სრულად უნდა აკრძალოს;

* კომპანიებს გადასახადები უნდა გაუზარდოს;

*ხოლო 25 წელს ქვემოთ ასაკის პირებს თამაში უნდა აუკრძალოს...

კანონპროექტი უკვე მომზადებულია და პარლამენტში უნდა დაინიცირდეს. ამ ინიციატივაზე საუბრისას არგუმენტებად დასახელდა მძიმე სოციალური დარტყმა, რომელსაც განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა იღებს და მილიარდები, რომლებიც ქვეყნიდან გაედინება. 

ბევრ ოპოზიციონერს კი ეს პოლიტიკური თამაში და პოპულისტური ნაბიჯი ჰგონია, შესაბამისად, ფიქრობს, რომ რეალურად, სათამაშო ბიზნესი არ შეიზღუდება. ამ კანონის მიღების შემდეგ მთავარი ტესტი მისი აღსრულება იქნება.

აღსრულება სჭირდება კიდევ ერთ მოთხოვნას, რომელიც ძალაში გასულ კვირას შევიდა და ეხება ყველას. თითქმის ყველა საჯარო დაწესებულებაში პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტის წარდგენა სავალდებულო გახდა. აუცრელებისთვის, ან ვისაც კოვიდი გადატანილი არ აქვს, ეს სივრცეები ხელმისაწვდომი აღარ არის. ვერ შეხვალთ კაფეში, რესტორანში, სპორტ დარბაზში, თეატრში, ოპერაში, კინოში გასართობ ცენტრებში და ვერც, მაგალითად, სამთო კურორტების საბაგიროებით ისარგებლებთ. ამ რეგულაციის ერთ- ერთი მთავარი მიზანი ვაქცინაციის წახალისებაც არის. ამ მხრივ, მცირე პოზიტიური ძვრები შეინიშნება. ჯანდაცვის მინისტრმა "რუსთავი 2-ის" ეთერში თქვა, რომ ორჯერადად აცრილთა რაოდენობამ მილიონ მოქალაქეს გადააჭარბა.

მათ, ვინც ჯერ კიდევ უარს ამბობს აცრაზე, კიდევ უფრო მეტად დააფიქრებს ახალი, დამატებითი საფრთხე. ახალი შტამი ომიკრონი, რომლის ქცევა სპეციალისტებმა ჯერ კიდევ ვერ შეისწავლეს. ვიცით მხოლოდ ის, რომ დელტა შტამზე გაცილებით სწრაფად ვრცელდება და ბუნებრივია, საქართველომდეც მოაღწევს.

დღის ამბები