მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებისა და ექიმების ნაწილის ბრალდებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო პასუხობს. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში ექიმთა რამდენიმე ჯგუფი მონაწილეობდა, მათ შორის, სააკაშვილის პირადი ექიმიც, შესაბამისად, მმართველი გუნდისთვის ბრალდება, თითქოს პატიმარ ყოფილ პრეზიდენტს არამიზნობრივად აძლევდნენ მედიკამენტებს, მიუღებელია.
"მიხეილ სააკშვილის შიმშილობის პერიოდის და შიმშილობის შემდგომი პერიოდის მართვაში მონაწილეობდა ორი სამედიცინო დაწესებულება, სასჯელაღსრულების და სამხედრო ჰოსპიტლის. ასევე, სამი კონსილიუმი, ერთი ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებული, მეორე - "ემპათია" და მესამე - სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული, ასევე, მისი პირადი ექიმი. რაღაც საექიმო ლოგიკა უნდა მოვძებნოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკური ფუნდამენტის საკითხი არის, ამ სამედიცინო მხარეს ნუ ავცდებით,“- განაცხადა დავით სერგეენკომ.