ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს 65 მილიარდი ლარი იქნება. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიუჯეტის მილიარდ 310 მილიონი ლარით გაზრდის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა მომდევნო წლის სამინისტროების დაფინანსებაზე.
2022 წლის ბიუჯეტის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრებმა განცხადებები გააკეთეს.
უწყების ხელმძღვანელებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ახალი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება.
"წლევანდელ წელს გათვალისწინებულია მთელი რიგი მიმართულებები:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2021 წელს დაიხარჯება 194 მილიონი ლარი.
გაზიფირების პროექტებისთვის 73 მილიონ ლარზე მეტი.
მეწარმეობის განვითარებისთვის და ერთიანი აგროპროდუქტის პროექტებისთვის 270 და 260 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი მომდევნო წელს შეადგენს 300 მილიონ ლარს.
მომდევნო წელს 5.9 მილიარდი ლარი იქნება კაპიტალური ხარჯების დანახარჯი, რაც შეადგენს მშპ-ს 9,1%-ს. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი კაპიტალური ხარჯებისა, რომელიც ქვეყანას ჰქონია და შესაბამისად, ამ მიმართულებით მომდევნო წელის ეკონომიკურ ზრდაში შესაბამის კონტრიბუციასაც შეიტანს. ეს ხარჯები მოიცავს ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციას," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.
"ეს არის განვითარების ბიუჯეტი და არამხოლოდ კოვიდკრიზისის აღმოფხვრის ბიუჯეტი, როგორც ეს აქამდე იყო. ეს არის 2022 წლის განვითარების ბიუჯეტი, რომელიც ძალიან კარგ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ გაისადაც მაღალი, 6%-მდე ეკონომიკური ზრდა გვქონდეს.
თუ ვისაუბრებთ პრირიტეტებზე ესენია ორი მსხვილი მიმართულება. პირველი - ეს არის განვითარება, რომელიც ბიზნესის განვითარების პროგრამებით არის წარმოდგენილი. მეორე - ეს არის სიღარიბის დაძლევა, რაც ჩაშლილია სხვადასხვა სოციალური პროგრამით, ხელფასების, პენსიების მოწესრიგებითა და მომატებით," - აღნიშნა ნათია თურმავამ.