16 ნოემბერი 2024,   10:59
ვრცლად
გიორგი კაპანაძე "ტვ პირველს" ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში და სასამართლოში უჩივლებს – ბიზნესმენი დეზინფორმაციის უარყოფას მოითხოვს

ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ მცდარ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც კვლავ საუბარია იმაზე, რომ თითქოს თბილისში, სპორტის სასახლის მშენებლობას გიორგი კაპანაძის ბიზნესპარტნიორი და მასთან დაკავშირებული კომპანია აწარმოებს.

რეალურად ირკვევა, რომ გიორგი კაპანაძეს ტელეკომპანია "პირველის" მიერ ნახსენებ კომპანიასთან არანაირი საერთო არ აქვს და არც რაიმე სახის საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს "ტვ პირველის" მიერ ხსენებულ ბიზნესმენთან.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კაპანაძემ, ასევე "ტვ პირველის" სიუჟეტის საპასუხოდ, ამ საკითხზე განცხადება ჯერ კიდევ მაისში გაავრცელა, ბიზნესმენი ამბობს, რომ მაშინაც და ახლაც მისი პოზიცია იქნა უგულებელყოფილი.

""ტელეკომპანია პირველი" უკვე მერამდენედ, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად, ცდილობს ჩემი სახელის დაკავშირებას კომპანიასთან, რომელთანაც არანაირი შეხების წერტილი არ მაკავშირებს. მიუხედავად არაერთგზის განმარტებისა, აღნიშნული ტელეკომპანია სრულიად უსაფუძვლოდ ახდენს ჩემი სახელის ტირაჟირებას და დეზინფორმაციის გავრცელებას ისე, რომ არცერთ ეტაპზე არ ინტერესდება ჩემი, ან ჩემი იურისტის პოზიციით.

სრული აბსურდის დაჟინებით მტკიცება მაფიქრებინებს, რომ სახეზეა მიზანმიმართული დისკრედიტაციის და ჩემი საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობა.

ჯერ კიდევ მაისში, მსგავსი სიცრუის ტირაჟირების დროს მე გავავრცელე განცხადება და განვმარტე, რომ არანაირი კავშირი არ მაქვს "ტვ პირველის" მიერ ხსენებულ ბიზნესმენთან და კომპანიასთან, თუმცა ჟურნალისტს სიუჟეტში არც აღნიშნული განცხადება გამოუყენებია და არც ჩემი ამჟამინდელი მოსაზრებით დაინტერესებულა.

გამომდინარე აქედან, გადავწყვიტე, ტელეკომპანია "პირველის" მიზანმიმართულ ცილისწამებას ვუპასუხო, შესაბამისად, მივმართავ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და ასევე, სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით, რათა აღნიშნულმა მედიასაშუალებამ საჯაროდ უარყოს გავრცელებული დეზინფორმაცია.

აქვე, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი საქმიანი და პირადი კავშირი არ მაქვს პიროვნებასთან, რომლის ჩემს სახელთან დაკავშირებას ცდილობს ტელეკომპანია "პირველი". აღნიშნული პიროვნება ჩვენს ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა 9 წლის წინ, მას შემდეგ კომპანიაში არაერთი დირექტორი შეიცვალა, ამ ხნის განმავლობაში კი მე მასთან და მის ბიზნეს საქმიანობასთან არანაირი გადაკვეთა არ მქონია.

ამ ინფორმაციის გადამოწმება მარტივად არის შესაძლებელი საჯარო რეესტრშიც," – აცხადებს ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე.

დღის ამბები