ისტორიის გადაწერა - ასეთია ოპოზიციის შეფასება, რომელიც სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღების მოთხოვნით პროტესტს აანონსებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პარალელი "საბჭოთა კავშირთან" გაავლო, როდესაც ლენინის ბიოგრაფიის ზეპირად ცოდნას სთხოვდნენ მოსწავლეებს.
"წარმოიდგინეთ, საბჭოთა პერიოდში ლენინის ბიოგრაფიას რომ გვაზუთხინებდნენ, ანალოგიურად, მოსწავლეებს ავალდებულებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია დაიზუთხონ. მაგრამ, ეს არაა გასაკვირი განათლების იმ მინისტრისგანაც, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ექვთიმე თაყაიშვილს ადარებს,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე კი აქცენტს იმ ჩანაწერზე აკეთებს, რომელიც, მისი თქმით, ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივს იმის თაობაზე, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
"ქართული ოცნების" ხელწერად იქცა ოპონენტების ანგარიშსწორებისთვის დაბრალება ქვეყნის და ხალხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების. ისიც, რომ საქართველოს დაიწყო ომი, არის ძალიან მცდარი და მძიმე ნარატივი "ქართული ოცნებისგან", რომელიც ერთი ერთში ემთხვევა იმას, რასაც ამბობს პუტინი და ლავროვი,"-აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
"მოქალაქეების" ლიდერისთვის, ლევან იოსელიანისთვის ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიის სახელმძღვანელოში შეტანა პრობლემას არ წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ უახლესი ისტორიის სხვა ლიდერებზეც არის სახელმძღვანელოში ჩანართები.
"მე ვერ ვხედავ პრობლემას, თუ უახლესი ისტორიის ყველა ლიდერი თანაბრად არის ამ სახელმძღვანელოში შეტანილი - ივანიშვილიც, სააკაშვილიც, შევარდნაძეც, ზვიად გამსახურდიაც. თუ ყველაზე არის რაღაც ინფორმაცია, ლოგიკურია, რომ ამ ქვეყნის პირველი პირი იყო და მასზეც იქნება. თუ მარტო ბიძინა ივანიშვილზეა, რა თქმა უნდა, გაუგებარი და მიუღებელია.
ნებისმიერი ჩანაწერი, რომელიც იოტისოდენა კითხვის ნიშანს ბადებს ომის დაწყებასთან და რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ძალიან ნათლად და ცალსახად უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს სიმართლე, რომ რუსეთი არის აგრესორი და დაესხა თავს საქართველოს,"-აცხადებს იოსელიანი.