სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყველამ პატივი უნდა სცეს და ეს არის ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი.
"მინდა ვუპასუხო NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის წინადადებას, რომელიც გამოვიდა ინიციატივით, რომ ნატო-ს მეხუთე მუხლი, ანუ კოლექტიური თავდაცვა დროებით არ გავრცელდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებზე. ჩემი პასუხი ცალსახაა - არა. მე არ განვიხილავ ამ ვარიანტს. სიმართლე რომ ვთქვა, არც კი მჯერა, რომ ეს წინადადება სასარგებლოა არსებულ ვითარებაში. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომლითაც არაერთხელ მივმართეთ არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ჩვენს მეტოქეებსაც. ჩვენ ვისურვებდით, ვიხილოთ პროგრესი მოუგვარებელ კონფლიქტებთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების კონტექსტში. მე გასულ კვირას გახლდით ეუთო-ს მინისტერიალზე და კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან, მის მოადგილე დარსალიასთან. ჩვენ ვისაუბრეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში პროგრესის საჭიროებაზე. გვჯერა, რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ ზოგადად მოგვარების გზები და არა მოკლე გზები, რაც ჩვენი პოლიტიკა არ არის. მივიჩნევთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას უნდა სცენ პატივი და ეს არის ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი," - განაცხადა კოლომინამ.