სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის პირადი მონაცემების გამჟღავნებისთვის იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა. მოკვლევა დასრულებულია, საუბარია ყოფილი პრეზიდენტის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ, გასაჯაროებულ ვიდეო და ფოტომასალაზე, ასევე გლდანის მეთვრამეტე დაწესებულებაში შესახლების ვიდეოკადრებსა და რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გავრცელებაზე. ინპექტორის შეფასებით ეს ყოველივე ღირსების შემლახავია.
დასკვნას უკვე მოჰყვა გამოხმაურება მმართველ გუნდში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის თქმით, საკითხით ოპოზიცია სპეკულირებს, რათა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აღშფოთება გამოიწვიოს.
"ერთი მხრივ ამბობენ, რომ მოხდა წამება, თავში რტყმა, ფიზიკური ძალის გამოყენება, ფეხებში ჩარტყმა და ა.შ. მეორე მხრივ ამას იყენებენ იმისათვის, რათა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აღშფოთება გამოიწვიონ. ბევრ რაღაცებზე იყო საუბარი, მე ეჭვი მეპარებოდა, მაგალითად საჭიროა, თუ არა ბაჩალშვილის თემაზე ამდენი ინფორმაციის გარეთ გამოშვება, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკური სპეკულაციის ხარისხი იმდენად მაღალი იყო, რომ რაღაცით უნდა უპასუხო,"- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.