16 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ფარმაცევტული ბაზრის შუალედური ანგარიში განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებულ ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშზე და მასში წარმოდგენილ რეკომენდაციებზე. განიხილეს, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარების დარეგულირების მიზნით. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე დროული რეაგირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული და მაქსიმალურად დაცული იყოს  მოსახლეობის ინტერესები, ხოლო  მეორე მხრივ, გათვალისწინებული იყოს ბიზნესის მოსაზრებებიც.

"ჩვენ დავასრულეთ შუალედური ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის.  მინდა, თქვენც გაგიზიაროთ ეს ხედვა, თქვენგან მოვისმინო რეკომენდაციები,  თქვენი აზრი და ვიმსჯელოთ ამ თემაზე. რაც მთავარია, მინდა, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ, ისე, რომ ჩვენი მოსახლეობის ინტერესები იყოს გათვალისწინებული, მაქსიმალურად დაცული, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა, რომ ბიზნესის ინტერესებიც გავითვალისწინოთ. ჩვენ თუ ამ ბალანსს ვიპოვით, ეს იქნება იდეალური გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის,"-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა ბიზნესის მხარდაჭერისთვის, მნიშვნელოვანი და საინტერესო გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რამაც ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა ქვეყანას. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე და ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ქედელიძე ესწრებოდნენ.

დღის ამბები