ვაშინგტონში შეხვედრებს აგრძელებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია. საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ხელმძღვნელობამ შეხვედრები კონგრესის ორივე პალატაში, ასევე NDA-სა და IRI-ის ხელმძღვანელებთან გამართა.
საქართველოს უსაფრთხოება და NATO-ში დაჩქარებული ინტეგრაცია, ამერიკის კონგრესში განხილვების ერთ-ერთი მთავარი თემაა. ქართულ მხარეს სურს, ამერიკის ადმინისტრაციამ შეასრულოს აქტიური როლი ალიანსის გაფართოებაში და ისაუბროს იმ ევროპელ მოკავშირეებთან, რომლებიც NATO-ში ახალი ქვეყნების შეყვანისგან ჯერ თავს იკავებენ.
"ღიად დავაფიქსირეთ, რომ ძირითადი მიზანი, რის გამოც ჩვენ ვიმყოფებით ვაშინგტონში, არის სწორედ პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება. იმისათვის, რომ საქართველო გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი, რა თქმა უნდა, აშშ-ს მხარდაჭერა ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს, თუმცა ვთხოვთ სხვა მოკავშირე ქვეყნებსაც არ შეიქმნას შეფერხება NATO-ში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით,"- განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრაზე პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერიამ, ოკუპაციის პრობლემასა და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.
"ვისაუბრეთ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მედეგობის გაძლიერებაზე და რა თქმა უნდა, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილების დაჩქარების აუცილებლობის მნიშვნელობაზე, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის. ჩვენი საუბრის მთავარ თემას, ასევე რუსული ოკუპაცია განეკუთვნებოდა, რეგიონში შექმნილი მძიმე ვითარება უსაფრთხოების თვალსაზრისით, რუსეთის აგრესიული ქმედებები,"- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.