დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა, მას 58 წელი შეუსრულდებოდა.
ზურაბ ჟვანია 1963 წლის 9 დეკემბერს, თბილისში დაიბადა. სიცოცხლის მანძილზე მას არაერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა: 1992 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი იყო; 1993 წელს აირჩიეს "საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" გენერალურ მდივნად და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ.
2001 წლის ოქტომბერში ზურაბ ჟვანია გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან, 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ კი პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
"მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი "- ეს სიტყვები სწორედ ზურაბ ჟვანიას ეკუთვნის, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გაწევრიანებისას, 1999 წლის 27 იანვარს წარმოთქვა. ამ დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ევროპის საბჭოში.
ზურაბ ჟვანია დაიღუპა 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში (ოფიციალური ცნობით: გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.