შესაძლოა თუ არა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საპროცესო გარიგებაზე შეთანხმდნენ - პარლამენტის დეპუტატი, პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე მასსა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს "ღამის კურიერში" გამოეხმაურა.
"ფულის გათეთრებაში" ერთ-ერთი ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე საპროცესო გარიგებას საქალაქო სასამართლოში წარმოებულ საქმეზე კატეგორიულად გამორიცხავს. უფრო მეტიც, მას აქვს მოლოდინი, რომ ბრალდებები რომელიც პროკურატურას აქვს მათ წინააღმდეგ წაყენებული, მოსამართლის მხრიდან უარყოფილი იქნება.
"ეს არის იმდენად თვალსაჩინო სიყალბე, რაც პროკურატურამ ჩაიდან, რა თქმა უნდა, ველოდები რომ იქნება სრულად უარყოფილი ის ბრალდება მოსამართლის მიერ, რაც 3 წელიწადია პროკურატურამ წამოგვიყენა. ეს შეთქმულებაა პროკურატურაში ქვეყნის საწინააღმდეგოდ, სხვანაირად ამას მე ვერ ვუწოდებ. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური ოპონენტები იდევნებიან ქართული ოცნების დავალებით, თუ დადგა სხვა შედეგი, ეს იქნება მორიგი პოლიტიკური პატიმარი ქვეყანაში.“ - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
კითხვაზე - საპროცესო შეთავაზების შემთხვევაში, დათანხმდებიან თუ არა მას, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ უდანაშაულო ადამიანთან საპროცესო შეთანხმება ვერ გაფორმდება.
"საპროცესო რაზე? უდანაშაულო ადამიანს რაზე სთავაზობ საპროცესოს? საპროცესო შეთანხმება იდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი აღიარებს დანაშაულს და პროკურატურას შორის და უდანაშაულო ადამიანმა რაზე უნდა გააფორმოს საპროცესო შეთანხმება.
მე ხაზი მინდა გავუსვა, ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ 2008 წელს, ვამაყობთ იმით, რომ გადავარჩინეთ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომელიც გახდა ქვეყნის წარმატების სიმბოლო და ამას ვერაფერს ვერ დაუშავებენ ოროსანი პროკურორები," - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.