დეპოლარიზაციისა და პოლიტიკური შერიგების მომხრეა მმართველი გუნდიც, თუმცა უმრავლესობაში წინაპირობებს ასახელებენ. მათი თქმით, იქ სადაც პოლიტიკური ველზე "ნაციონალური მოძრაობაა" წარმოდგენილი, შერიგება შეუძლებელია.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში ოპოზიცია ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოში უნდა დაბრუნდეს და ამის შემდეგ გამოჩნდება, არსებობს თუ არა შერიგების რესურსი.
"შერიგება ძალიან კარგია და მივესალმებით, მაგრამ ნაბიჯები უნდა გადმოდგას გაბუტულმა ოპოზიციამ, რომელიც გაიქცა პარლამენტიდან ქუჩაში. ჩვენ ხომ არ გავიქცევით პარლამენტიდან ქუჩაში? ქუჩიდან უნდა მობრძანდნენ პარლამენტში და მერე უკვე ამ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში შევხედავთ არის თუ არა რესურსი იმის, რომ შევრიგდეთ. სამწუხარო ის არის, რომ ასეთი სივრცის არსებობის საშუალებას არ იძლევა სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია. ნომერი პირველი რაც უნდა გააკეთონ, ეს არის რომ მობრძანდნენ საქართველოს პარლამენტში, აღიარონ ამ პარლამენტის ლეგიტიმურობა, დაიწყონ ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი კი მიიჩნევს, რომ პოლარიზაციის დასრულება თავად "ნაციონალურ მოძრაობას" არ სურს.
"პოლარიზაციის დასრულების მთავარი გზა - ეს არის კანონის უზენაესობა და სამართლიანი პრინციპის დამკვიდრება. რასაც ხელს უშლის ნაციონალური მოძრაობა, თუნდაც იმ რიტორიკით, როდესაც ისინი ამბობენ, რომ გირგვლიანის საქმე არ ყოფილა, რომ სააკაშვილი თურმე უდანაშაულოა. ფაქტია, რომ ამ ადამიანებს არ სურთ პოლარიზაციის დასრულება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არის საქართველოს არჩევანი, ჩვენი ხვალინდელი დღის უმნიშვნელოვანესი პირობა, რასაც ჩვენი საზოგადოება ცხადია, ნაციონალური მოძრაობის გარეშეც შეასრულებს," - ამბობს რატი იონათამიშვილი.