სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეების შერიგებას გულისხმობს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არაერთი განცხადება გაკეთდა.
"ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა არმაზ ახვლედიანმა პრეზიდენტის განცხადებას კეთილშობილური ინიციატივა უწოდა და თქვა, რომ კარგი იქნებოდა, თუკი 22 დეკემბერი თანხმობის დღედ გამოცხადდებოდა.
"იქნებ გამოვაცხადოთ 22 დეკემბერი თანხმობის დღედ. ამ კონტექსტში, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივა არის ძალიან კეთილშობილური. მე ვერ ვხედავ ალტერნატივას, თუ არა ამ ინიციატივის განხორციელება. ნუ დავიწყებთ წარსულის ქექვას, იმიტომ რომ ეს ვერასდროს ვერ მიგვიყვანს თანხმობამდე," - ამბობს არმაზ ახვლედიანი.
პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
"მაშინ, როდესაც ხედავთ, რომ ბატონი კობახიძე საუბრობს ისევ შურისძიებაზე, საუბრობს იმაზე, რომ უნდა გაქრეს საერთოდ პოლიტიკური სივრციდან რომელიმე პოლიტიკური პარტია, ვფიქრობ, რომ დღეს ყველაზე სწორი ნაბიჯი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, ყველაზე ნათელი გზავნილი შერიგების თაობაზე, იქნებოდა კონსტიტუციური პრეროგატივის გამოყენება და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ შეწყალების აქტის განხორციელება," - ამბობს სალომე სამადაშვილი.