16 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
მოსახლეობას უნდა ელაპარაკოთ და ისინი უნდა შემოირიგოთ, იქ მოინანიეთ - ირაკლი ზარქუა ოპოზიციას

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეების შერიგებას გულისხმობს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არაერთი განცხადება გაკეთდა. მმართველი გუნდის წევრების თქმით, პირველ რიგში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ბოდიში საზოგადოების წინაშე აქვს მოსახდელი.   

"თუ შერიგება გინდათ და ეს ფარსი არ არის, რაც აქ ჩემი კოლეგების მხრიდან ითქვა, კეთილი ინებებთ და ჯერ მოსახლეობას მოუხადეთ ბოდიში, იქ მოინანიეთ. აქ სხედხართ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი თვეების განმავლობაში იძახდით, რომ არ შემოვალთო, 8 არჩევნები წააგეთ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ მოსახლეობას უნდა ელაპარაკოთ, ისინი უნდა შემოირიგოთ და არა აქ. ჩვენ ისედაც მოგიტევებთ და შეგინდობთ," - მიმართავს ირაკლი ზარქუა ოპოზიციას. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ბექა დავითულიანის თქმით, შერიგება მხოლოდ იმ პირობებში მოხდება, თუკი ოპოზიცია ნაბიჯებს გადადგამს და საკუთარ დანაშაულებს აღიარებს.

"უნდა ვთქვათ, რომ კი ბატონო, მეგობრებო არჩევნები წავაგეთ მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის სასჯელს. რაღაცას თქვენ თუ აღიარებთ, რაღაცას მერე ჩვენც ვაღიარებთ, რომ პრობლემაა,  შერიგება ამ პირობებში ხდება,"-განაცხადა ბექა დავითულიანმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ ოპოზიციას არანაირი შერიგება არ უნდა, მათი სურვილი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. 

"ეს მესიჯი არა მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის არის არამედ გარე მოხმარებისთვისაც. საქართველოში აგერ ოპოზიციამ შესთავაზა, დიდსულოვანმა ხალხმა, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან, "ქართულ ოცნებას“ შერიგება და ამათმა უთხრეს უარი. სინამდვილეში ყველაფერი იკადრეს, რომ არეულიყო სიტუაცია და როდესაც დარწმუნდნენ, რომ ეს ხალხს არ აღაშფოთებს რაც ხდება, თითქოს სააკაშვილის პატიმრობა არის უკანონო, მეტიც პოლიტიკური. ეს არ არის საკმარისი ხალხის აღშფოთებისთვის და ჩვენ ახლა დაგნებდით, მოდი შევრიგდეთ და გვაპატიეთ.

როდესაც ვინმე თავის თავზე მაღლა დადგება იმ ხალხიდან, რომელიც ტყუილების ნარატივით ცდილობს ამ დღის წესრიგის შექმნას, რომელზეც მე ვსაუბრობდი და იტყვის სიმართლეს და პატიებას სთხოვს იმ 10 000-ზე მეტ ადამიან, რომლებმაც გაიღვიძეს და თავის ბიზნესის ჩუქება მოინდომეს სახელმწიფოზე, აი ისინი თუ აპატიებენ მერე ჩვენც ვიფიქრებთ- ვაპატიოთ თუ არა, შევურიგდეთ თუ არა ე.წ. რა თქმა უნდა. თუ ამას ვერ შეძლებენ და ვერ დადგებიან თავის თავზე მაღლა და დანაშაულს სამშობლოს სიყვარულს დაარქმევენ, რასაც ახლა წინა დღეების განმავლობაში აკეთებდა ყოფილი დამნაშავე პრეზიდენტი, ხაზს ვუსვამ ამას. მაშინ ეს ყველაფერი ხალხისთვისაც მარტივი და იოლი გასაგები იქნება, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმი და არანაირი შერიგება მათ არ უნდათ. მათ უნდათ ერთი, რამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და დახსნა მართლმსაჯულებიდან,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

დღის ამბები