ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებში ფავორიტები გამოიკვეთნენ. დღეს ყველაზე ხშირად ისმის არჩილ თალაკვაძის სახელი და გვარი. უკვე დაიწყო მისი შეფასებებიც. ექიმები С ჰეპატიტის პროგრამაში მის დამსახურებასაც იხსენებენ.
ჯანდაცვის მინისტრად მის შესაძლო დანიშვნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რომ კანდიდატის დასახელება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.
ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე კანდიდატს პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგ წარადგენს. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ არ აქვთ ინტერესი კონკრეტული კანდიდატების მიმართ, რადგან სისტემურ ცვლილებებს არ ელოდებიან.
მმართველი პარტია ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციებში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს - ეს ინფორმაცია დღეს პარტიის თავმჯდომარემ დაადასტურა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ეკატერინე ტიკარაძე გუნდის აქტიურ წევრად რჩება.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 9 დეკემბერს გააკეთა, თუმცა ის მინისტრის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს.