ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე, რომლის ბოლო სასამართლოც დღეს იმართება, სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს მმართველ პარტიას. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნებისმიერ სასამართლო სხდომაზე, კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ საქმის პოლიტიზირება გაუმართლებელია.
"ფაქტია, რომ ისინი პოლიტიკაში მას შემდეგ მოვიდნენ, რაც ამ საქმის გამოძიება დაიწყო. ამიტომ, ამის დაკავშირება პოლიტიკასთან მხოლოდ მათი მხრიდან თუ იქნება. მათი მხრიდან, პოლიტიკის გამოყენება ხდება სისხლის სამართლის საქმეზე,"- აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.