ბრიუსელში საქართველოს პრემიერთან შეხვედრისა და მოსკოვისთვის მკაფიო პასუხის გაცემის შემდეგ, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის ლიდერსაც შეხვდა. ისევე, როგორც ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ რუსეთის მოთხოვნის მიუხედავად ბუქარესტის სამიტის დეკლარაცია არ შეიცვლება, ვოლოდიმერ ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგაც, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი რეგიონში აგრესიული ქმედებებით საერთაშორისო შეთანხმებებს არღვევს და კიდევ ერთხელ ახსენა საქართველო.
ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის კეთილგანწყობა გონივრულად გამოიყენოს; მმართველი პარტიისთვის კი ალიანსის ლიდერის გზავნილები იმის მანიშნებელია, რომ NATO საქართველოს ოკუპანტის წინაშე მარტო არ დატოვებს.
რუსეთის მხრიდან მუდმივი დესტაბილიზაცია და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რეგიონში სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას - ამის შესახებ ასოცირებული ტრიოს მთავრობების მეთაურების ერთობლივ განცხადებაშიც არის აღნიშნული. არსებული საფრთხეების ფონზე, ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და ეს მხარდაჭერა სამიტის დეკლარაციაშიც აღინიშნა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აღიარებს პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ნათქვამია ასოცირების ხელშეკრულებებში. პარტნიორები მიესალმებიან საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეების სრულ ამოქმედებას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ბრიუსელში მიღწეულ შეთანხმებებს 2023 წელს, მომდევნო სამიტის მიმდინარეობისას შეაჯამებენ. მანამდე კი მადრიდში, მომდევნო წელს NATO-ს სამიტი გაიმართება.