რატი ბრეგაძე, რომელიც დღეს მინისტრის საათის ფორმატში უნდა გამოვიდეს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადი ნაწილი დაესწრება. "ნაციონალური მოძრაობა" კი კვლავ ბოიკოტს ირჩევს.
პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, იუსტიციის მინისტრთან მას მწვავე კითხვები ექნება. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ კითხვები მე-3 პრეზიდენტსაც შეეხება.
გარდა ამისა, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, გიორგი ვაშაძის თქმით, ის რატი ბრეგაძეს კორუფციულ ფაქტებს წარუდგენს.
"დღეს ქვეყანაში ტოტალური კორუფციაა და ამის ფაქტებს რა თქმა უნდა წარვუდგენ იუსტიციის მინისტრს, რომელიც ასევე პროკურატურის სისტემას ხელმძღვანელობს. მაგრამ იგივე აუდიტის დასკვნებით პროკურატურა არცერთ კორუფციულ საქმეზე გამოძიებას არ აწარმოებს. აქტიურდება საქმეები სასამართლოში პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებაში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება მმართვე გუნდს, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მათი კითხვები დაკავშირებული იქნება სამომავლო ინიციატივებთან და სიახლეებთან, რომელსაც სამინისტრო გეგმავს.