აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საგარეო უწყებაშიც გამოეხმაურნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის კიდევ ერთი დასტური, რომ უსაფრთხოების კუთხით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა მაღალ ნიშნულზეა.
"სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის კიდევ ერთი დასტური ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის იმ მაღალი ნიშნულის, რა ნიშნულზეც იმყოფება ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოების კუთხით. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს და არის აღიარება იმ წარმატებული საქმიანობის, რომელსაც ახორციელებენ შესაბამისი სტრუქტურები, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენმა ქვეყანამ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც არის დაკავშირებული ტერორიზმთან. კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას ამ მიმართულებით," - განცხადა ზალკალიანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი კი აცხადებს, რომ ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
"დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს დადებითი შეფასება, რომელიც მან დაიმსახურა "მანივალის"2019 წლის ანგარიშის მიხედვით. მოგეხსენებათ, დოკუმენტის თანახმად, საქართველომ ტერორიზმის დაფინანსების გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის კუთხით ეფექტურობის არსებით დონეს მიაღწია, ვფიქრობ, ეს არის ჩვენი სამსახურის მუშაობის სრულიად ადეკვატური შეფასება, რაც ცხადია, თავისთავად ძალიან სასიამოვნოა," - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ეხება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მტკიცე პარტნიორად რჩება.