საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენის რაინდის წოდება მიენიჭა.
საპატიო ლეგიონის ორდენი, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტემ, ჯერ კიდევ როგორც საფრანგეთის რესპუბლიკის პირველმა კონსულმა 1802 წლის 19 მაისს დააწესა, საფრანგეთის უმაღლეს ეროვნულ ჯილდოს წარმოადგენს და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს.
ლევან იზორიამ ეს უმაღლესი ჯილდო საქართველოს თავდაცვის მინისტრად მოღვაწეობის პერიოდში საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაიმსახურა.
ჯილდოს ოფიციალური გადაცემის ცერემონიალი ბერლინში საფრანგეთის საელჩოში 2021 წლის 16 დეკემბერს შედგა. ელჩმა თავის ოფიციალურ სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპატიო ლეგიონის ორდენის უმაღლესი წოდება არა მარტო მისი საქმიანობის დაფასებაა, არამედ, პირველ რიგში იგი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, სრულიად საქართველოს, როგორც საფრანგეთის ღირსეულ და სანდო პარტნიორს ეკუთვნის.