პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში, იუსტიციის მინისტრს დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს. დეპუტატებს აინტერესებდათ ის რეფორმები, რომელიც იუსტიციის სამინისტროში განხორციელდა. კითხვები იყო პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე, საერთაშორისო დავებზე, რუსულ აგრესიასა და რუსულ ოკუპაციაზე.
"კითხვა მაქვს სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რომელიც ისტორიული გამარჯვებაა საქართველოსთვის. რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ამ გადაწყვეტილების აღსრულებისთვის?"- ჰკითხა იუსტიციის მინისტრს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა.
მას რატი ბრეგაძემ ასე უპასუხა: "კონკრეტული რიცხვი დაზუსტდება 2022 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრო დაზარალებულთა სიას წარუდგენს ევროპულ სასამართლოს. გარდა კომპენსაციისა, 2022 წლიდან, ასევე მინისტრთა კომიტეტი ამ გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე დაიწყებს მუშაობას,"- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
მინისტრთან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსაც ჰქონდა კითხვა, ის დაინტერესდა თუ როგორია ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა პენიტენციურ სამსახურში?
რატი ბრეგაძემ კი მის საპასუხოდ განაცხადა, რომ მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის სერვისი, რაც ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომია თავისუფლებაზე მყოფი პირებისთვის:
"პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის სერვისი, რაც ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომია თავისუფლებაზე მყოფი პირებისთვის. ეს ხორციელდება 24 საათიან რეჟიმში. ხოლო სტაციონარული სამედიცინო მომსახურების საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის გაყვანა ხდება მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში,"- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
საკანონმდებლო ორგანოში, მინისტრის მოსმენა ოპოზიციის ნაწილის გარეშე მიმდინარეობს.