დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ღამის კლუბების გახსნას არ მიესალმება, როგორც მან განაცხადა ეს ჯერ უნდა მოხდეს მხოლოდ პილოტურ რეჟიმში. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მასობრივი თავშეყრები, სადაც მიმდინარეობს კვება და ალკოჰოლის მიღება, არის ყველაზე მთავარი რისკფაქტორი ვირუსული ეპიდემიების დროს.
"ახალი წელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია და მივესალმებით, რომ ოჯახური, მოკრძალებული აღნიშვნა იყოს, მაგრამ ძალიან ნუ გავაფართოებთ ამ არეალს. მე არ მივესალმები კლუბების გახსნას. ვფიქრობ, ეს ჯერ უნდა მოხდეს მხოლოდ პილოტურ რეჟიმში, თუ ამის გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ არ ვურჩევდი ჩემს ახლობლებს კლუბებში წასვლას, მით უმეტეს, "ომიკრონის" საშიშროება ნამდვილად არის ქვეყანაში," - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, 2 წლიანი პაუზის შემდეგ ღამის კლუბების ამუშავება 17 დეკემბრიდან იგეგმებოდა, თუმცა გუშინ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება აღნიშნულ ეტაპზე არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის.