კრემლი ევროპას აფრთხილებს და სამხედრო დაპირისპირების არენად გადაქცევას არ ურჩევს. ამის ალბათობა კი რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მაღალი იქნება - თუკი ალიანსი არ იტყვის უარს საქართველოს და უკრაინის წევრობაზე, ასევე განაგრძობს სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებას რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს. ის, რომ პასუხი უმკაცრესი იქნება ამაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ, პროპაგანდისტული გადაცემის ეთერში განაცხადა.
სამხედრო-ტექნიკური ალტერნატივის ალბათობა რომ მაღალია, ამაზე ქართველი ანალიტიკოსებიც საუბრობენ. ამის კომპლექსური მიზეზებიდან ერთ-ერთი კი ქვეყნის შიდა პრობლემებიდან ყურადღების საგარეო კურსზე გადატანაა. ოკუპანტი ქვეყნის ლიდერს, მაღალი ინფლაციით, კოვიდთან არაეფექტური ბრძოლით და ალექსეი ნავალნის დაპატიმრებით გამოწვეული რეპუტაციული ზიანის ანულირება სურს. პუტინის ეს ავანტიურა ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის განცხადებით, შესაძლოა საქართველოსთვის ხიფათის შემცველი აღმოჩნდეს.
რეალური საფრთხის შექმნა რეალური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ რუსეთმა და ჩინეთმა შეერთებული შტატების წინააღმდეგ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. აგრესიული გეგმის პირველი ნაწილი კონფლიქტოლოგის აზრით, გულისხმობს, სამხედრო ტექნიკური საშუალებების განლაგებას ნატოს წევრი ქვეყნების, აღმოსავლეთ ევროპის საზღვრებთან და ყირიმის ნახევარკუნძულზე. ფსიქოლოგიურ ზეწოლას ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი ვერ გაუძლებს და გარკვეულ კომპრომისზე მოუწევთ წასვლა.
კრემლის მიერ დასავლეთისთვის გაწერილ პირობებზე შტატების პირველი რეაქცია უკვე იყო. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ კომპრომისები ძირეულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც თავისუფალი ნების შეზღუდვაა - დაშაუვებელია. კრემლიდან მომდინარე მუქარა, დაუშვებელია ოფიციალური თბილისისთვისაც. "გავლენის სფეროები წარსულია - წარსული არ დაბრუნდება" - ასე უპასუხა საქართველოს პირველმა დიპლომატმა მოსკოვის ულტიმატუმს.