ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ კოლეგას პირისპირ, მიმდინარე წელს უკვე მეოთხედ შეხვდა. ეს ფაქტი, პრემიერ-მინისტრების შეფასებით ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა. მთავრობის კანცელარიაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ძირითადად სომხეთ-საქართველოს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების გზები განიხილეს და მკაფიოდ განაცხადეს, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებისთვის რეგიონში მშვიდობა აუცილებელი წინაპირობაა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ გააჟღერა "მშვიდობიანი სამეზობლოს" ინიციატივა.
ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს სომხეთის პრემიერ მინისტრიც, რომელიც საქართველო- სომხეთის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების აუცილებელ წინაპირობად, ორი ქვეყნის მოსახლეობის ისტორიულ მეგობრობას მიიჩნევს. ნიკოლ ფაშინიანმა იმ ამბიციურ ინიციატივაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვით სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ორმხრივ დონეზე, მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს.
ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მაღალი ტექნოლოგიები, ტურიზმი - ეს იმ სფეროების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც საქართველო-სომხეთის სავაჭრო ეკონომიკურ თანამშრომლობაში წამყვანი როლი მიენიჭებათ. ნიკოლ ფაშინიანი ამ საკითხებზე სასაუბროდ და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში, დღის პირველ ნახევარში ჩამოფრინდა.
ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ოქმს.