მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ მოინახულა. როგორც ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ექსპრეზიდენტი თავს კვლავ სუსტად გრძნობს და ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც მისი მკურნალობის პროცესში ჩაერთვება.
"მდგომარეობა უცვლელია. თავს სუსტად გრძნობს. ასეთ ხანმოკლე პერიოდში მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდებოდა, იმის გათვალისწინებითაც, რომ მისი მკურნალობის პერიოდში განსაკუთრებული ჩარევა არ მომხდარა. უმოკლეს პერიოდში ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც გარკვეულწილად დაეხმარება ამ პროცესის დარეგულირებაში," - აღნიშნა ხერხეულიძემ.
დღესვე მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა გიული ალასანიაც, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებს მსჯავრდებული პრეზიდენტის წერილი გააცნო.
"დედაჩემის თვალწინ ბადრაგმა სცადა ჩემი ფანჯრის რაფიდან ძალით ჩამოყვანა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს საკუთარი ხელით დახატული და თავის დროზე ჩემი შემოღებული საქართველოს დროშა დავუქნიე. ვერ ჩამომიყვანეს ჩემი წინააღმდეგობის გამო. ეს ხალხი ჩემს თვალში არ არიან ქართველები," - აცხადებს სააკაშვილი წერილში.
გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას, რომელიც ამ წუთებში იწყება, გორიდანაც შეუერთდებიან. თბილისში გამგზავრებამდე ისინი გორის ჰოსპიტალთან მივიდნენ, შეკრებილებს მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებიდან გამოეხმაურა.