16 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
თუ ვინმე ხელისუფლებიდან აქილიკებს ამ პროცესს, რამდენიმე დღეში მიხვდებიან, რომ მათი დღევანდელი ქილიკი იყო უადგილო - ნიკა მელია შიმშილობის შესახებ

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მოშიმშილეებისთვის კარვები და სპეციალური ლეიბებია გაშლილი. მასობრივი შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პარტიის ლიდერებმა და ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებმა დაიწყეს. მოშიმშილეებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტებიც. 

პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ უარყოფს, რომ ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმის და მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს. 

"შიმშილობა და აქცია, რომელშიც ჩართული იქნება ასობით ადამიანი უმძიმეს პირობებში, ეს ამ ქვეყანაში 1988 წლის შემდეგ არ მომხდარა. თუკი ვინმე ხელისუფლებიდან აქილიკებს ამ პროცესს, რაც მოსალოდნელი იყო, ისინიც კი რამდენიმე დღეში მიხვდებიან, რომ მათი დღევანდელი ქილიკი იყო უადგილო. როდესაც ტყვედ გყავს აყვანილი ადამიანი, ის ადრე თუ გვიან გათავისუფლდება. ერთი მარცვალი სიმართლე ხომ უნდა იყოს იმაში, როდესაც ამბობ, რომ ტყვედ აყვანილმა ადამიანმა, მიხეილ სააკაშვილმა აიძულა პარტია დამჯდარიყო საშიმშილოდ. პოლიტიკური საბჭოს ფორმატში, ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არ მიმიღია,"- აცხადებს ნიკა მელია.

შიმშილობის გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევენ პარტია "მოქალაქეებში." ლევან იოსელიანის განცხადებით, მისთვის გაუგებარია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება ახლა, როდესაც სამოქალაქო თანხმობაზე საუბარი დაიწყო და ისინიც არ ამბობენ უარს ჩაერთონ პროცესში.

"ეს არის ფორმა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებასთან და მე მას არ ვემხრობი,"- აცხადებს ლევან იოსელიანი. 

"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის კი ეს აქცია მარცხის აღიარებაა. 

 "ეს არის საბოლოო მარცხის აღიარება, ასევე, იმის აღიარება, რომ არ შემიძლია ამას შევეგუო. ის, რომ ოდესღაც შიმშილობით გარკვეული პოლიტიკური მიზანი იქნა მიღწეული, არაფერს ნიშნავს. ახლა რასაც ითხოვენ, უბრალოდ შეუძლებელია რომ იყოს შესრულებული,"- აცხადებს რაქვიაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები