საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით მიხეილ სააკშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 13 იანვარს ჩაინიშნა. დღეს დაცვის მხარემ სასამართლოზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა. მათ შორის იყო ექსპრეზიდენტისთვის მიეცათ ზარების აღდგენის უფლება, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და დასძინა, რომ ეს არ იყო სასამართლოს განსჯადი საგანი.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, როდესაც ერთ სასამართლოში დგება უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე შუამდგომლობა, ის განხილვის სამართლებრივ საფუძველს არ ექვემდებარება.
"დაცვის მხარემ დააყენა ორი შუამდგომლობა, ერთი იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული და ამას ბრალდების მხარე დაეთანხმა და დაერთო საქმეს. ხოლო სატელეფონო ზარების განხორციელების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ განმარტა, რომ აღნიშნულ შუამდგომლობაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა წინა სასამართლო პროცესზე და ერთ შუამდგომლობაზე, როცა იმავე სასამართლოში დგება მეორე შუამდგომლობა უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში განხილვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ ეს არ არის სასამართლოს განსჯადი საგანი,"- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.