"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაწყებულ მასშტაბურ შიმშილობას ქართულ ოცნებაში უპერსპექტივოს უწოდებენ. კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის მომხრეებს აიძულებს შიმშილობას და არ ერიდება მათი ჯანმრთელობის დაზიანებას.
"შიმშილობის აქცია არის თავად სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით წამოწყებული, როგორც ჩანს, ის სჯის თავისივე მომხრეებს, თავის პარტიას. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე არ ერიდება სხვა ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ადამიანების იძულებას, რომ იცხოვრონ ილუზიასა და ვირტუალურ რეალობაში, ვინაიდან არანაირი ამ ტიპის პროტესტი არაა პერსპექტიული," - განაცხადა თეა წულუკიანმა,
მიხეილ სააკაშვილის მიერ თავისი მომხრეების დაშანტაჟების შედეგს უწოდებს ენმ-ს რამდენიმე ათეული მომხრის მიერ დაწყებულ საპროტესტო შიმშილობას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
"შიმშილობა არის ყველას პოლიტიკური უფლება. მათ შეუძლიათ, ეს უფლება გამოიყენონ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, როცა ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას. ეს არის სამწუხარო მოვლენა, რაც პოლიტიკას არ წაადგება, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ბელადის შანტაჟით შიმშილობენ. ის ფაქტი, რომ 200 ადამიანი ბელადის შანტაჟის გამო შიმშილობს, არის ტრაგიკომიკური მოვლენა," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ავტორი: სანდრო კაჭახიძე