16 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
მასობრივი შიმშილობა ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში - მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმი თუ ნიკა მელიას ინიციატივა 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ მასობრივი შიმშილობის აქციის იდეა მას ეკუთვნის. ნიკა მელიამ დღეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ინფორმაციაც უარყო, რომლის მიხედვითაც, პროტესტის უკიდურესი ფორმა თანაპარტიელებს ექსპრეზიდენტმა ულტიმატუმის სახით მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პარტიის დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგიამ, "ქართულ ოცნებაში" დღეს ჩრდილოეთ კორეა და მისი ლიდერი გაახსენა. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ აქტივისტებისთვის შიმშილობის მოთხოვნა, როდესაც თავად პროტესტის იმავე ფორმას აღარ მიმართავს, სააკაშვილის მხრიდან ეგოისტური აქტია.

"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება მიუღებელია მათი კოლეგებისთვისაც. ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ნაწილმა, შიმშილობა დღეს ღიადაც გააკრიტიკა და მას მარცხის აღიარება უწოდა.

შიმშილობის გადაწყვეტილება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მესვეურებს არც სახალხო დამცველმა მოუწონა. ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მასობრივი სახის მიცემა, ადამიანების ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებაა.

ოპონენტებისა და კოლეგების კრიტიკას არ იზიარებენ თავად "ნაციონალური მოძრაობის" მოშიმშილე ლიდერები. მათ პროტესტის ამ ფორმით ინიცირებაში, მიხეილ სააკაშვილის როლი გამორიცხეს და პარტიის თავმჯდომარისგან განსხვავებით შიმშილობის მთავარ მოთხოვნად, სწორედ პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს.

სამართლებრივად არალეგიტიმური და კრახისთვის განწირული - ასე აფასებენ პროტესტის მიზეზს და მოთხოვნებს საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლები, პარტიის გადაწყვეტილებას საკუთარი აქტივის მიმართ უყურადღებო დამოკიდებულებით ხსნიან.

მასობრივი შიმშილობის აქცია, ნიკა მელიამ გუშინ გამართულ დემონსტრაციაზე გამოაცხადა. ამ დროისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში, პროტესტის მძიმე ფორმას - 4 პოლიტიკური ლიდერი და რამდენიმე ათეული აქტივისტი მიმართავს.

დღის ამბები