"ნაციონალური მოძრობის" ცენტრალური ოფისის მიმდებარედ განთავსებულ 12 კარავში 200-მდე პირი პოლიტიკური მოტივით შიმშილობას აგრძელებს - პარტიაში იმედი აქვთ, რომ მოშიმშილეთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. პროტესტის მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.
"არ გვინდა, რომ ქვეყანაში იყვნენ პოლიტიკური პატიმრები. ჩვენ ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას, ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, რომლებიც საკმაოდ მრავლად არის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერზე, ყველა მედია მენეჯერებზე დამთავრდეს და ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლიტიკური დევნა,"- აცხადებს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მასობრივი შიმშილობის აქციას, სერიოზული ორგანიზება და როლების სწორად გადანაწილება სჭირდება.
"ყველამ, რომ იშიმშილოს ფიზიკურად ადამიანური რესურსი ვერ გაწვდება ამას. ამის გარდა, რა თქმა უნდა, მოსაგვარებელია სერიოზული ლოჯისტიკური თემები. ასეთი ტიპის აქციას ძალიან სერიოზული ორგანიზება სჭირდება, ლიდერებმა გადავინაწილეთ ფუნქციები ვინ რას ვაკეთებთ,"- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე კი აღნიშნავს, რომ პარტიამ პროტესტის უკიდურეს ფორმას ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნითა და ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო მიმართა.