ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ჟენევის თანათავმჯდომარეების და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისში, გატაცების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკვე მეორე შეტყობინება შევიდა.
ამჯერად, ოკუპანტებმა სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ თავისუფლება საქართველოს 4 მოქალაქეს აღუკვეთეს.
"კურიერის" ინფორმაციით, გატაცებულები: გიორგი დემურიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი, რამინ მჭედლიშვილი და ავთანდილ თომაშვილი მეგობართან იმყოფებოდნენ. ახალგაზრდებმა სოფელ აძვში, წმინდა გიორგის სალოცავთან ასვლა გადაწყვიტეს, რა დროსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა აიყვანეს.
ოკუპანტების სცენარის მიხედვით, დაკავებულებს არარსებული საზღვრის კვეთას დასდებენ ბრალად. შემდეგ ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანენ. რამდენიმე დღეში კი დე ფაქტო სასამართლო 2-თვიან წინასწარ პატიმრობას შეუფარდებს. ეს პრაქტიკა ადგილობრივებისთვის კარგად ნაცნობია, შესაბამისად ე.წ "აკრძალულ ზონებთან" ახლოს მისვლას ერიდებიან
10 დეკემბერს, საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა, სოფელ წინაგარას მიმდებარედ, ორი პირი დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, ცხინვალის იზოლატორში, ტყვეობაში, საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება.