16 ნოემბერი 2024,   11:03
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა დააზუსტა, რომ ინიციატივის მიზანი საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევაა და არა შერიგება პარტიებს შორის - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სანამ რადიკალური ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ დევნილს უწოდებს, მანამდე ის შერიგებაზე საუბარს პესიმისტურად აღიქვამს. 

როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ეროვნული შერიგების შესახებ არ გულისხმობს პოლიტიკურ პარტიებს შორის შერიგებას. მისი თმით, პრეზიდენტის მიზანი საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევაა. 

"შეხვედრების მიზანი იქნება ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. მან დააზუსტა, რომ აქ არ იგულისხმება რასაც ჰქვია შერიგება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ეს არ არის ამ პროცესის მიზანი, მიზანი არის საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა. რაც არის საკმაოდ ამბიციური მიზანი. ბუნებრივია რთული იქნება ის პროცესი რაც ამ მიზანთან არის დაკავშირებული. პრეზიდენტს აქვს ამასთან დაკავშირებით ხედვა და ალბათ უმჯობესია, რომ დეტალებთან დაკავშირებით მან თავად ისაუბროს, ეს მისი პრეროგატივაა.

პირველ რიგში იმისათვის, რომ სწორად წარიმართოს მომავალში პროცესები მნიშვნელოვანია წარსულის სწორად შეფასება, როდესაც პოლიტიკურ დევნილს უწოდებენ ადამიანს, რომელმაც ჩაიდინა ქვეყანაში 9 წლის მანძილზე და შემდეგაც უამრავი დანაშაული; ამ დანაშაულთა ნაწილი იყო მაგალითად, არაერთი მედიასაშუალების მიტაცება, უმძიმესი "მოლოდიორული" და ყაჩაღური ფორმებით, ამ დანაშაულების ნაწილი იყო ათასობით ადამიანისთვის, ქონების, ბიზნესის წართმევა, ამ დანაშაულების ნაწილი იყო ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანების გაუპატიურება, ამ დანაშაულების ნაწილი იყო ქვეყნის 20% ჩაბარება რუსეთის ფედერაციისთვის. როდესაც ასეთი რეჟიმის ავტორს- ბელადს უწოდებენ დევნილს, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში რთულია შერიგებაზე საუბარი. შესაბამისად მნიშვნელოვანია ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. მნიშვნელოვანია დამნაშავეს დაერქვას დამნაშავის სახელი და მნიშვნელოვანია დანაშაულს დაერქვას დანაშაულის სახელი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები