"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ უქმდება და უბრალოდ, ერთმანეთისგან იმიჯნება ორი სრულიად განსხვავებული ფუნქცია, რომლის გაერთიანებაც ერთ ინსტიტუციაში თავის დროზე, ხელოვნურად, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური მიზნების გამო მოხდა.
კობახიძე არ ასახელებს აღნიშნული ლიდერის გვარს და კითხვაზე, არის თუ არა ეს პოლიტიკური ლიდერი გიორგი გახარია, კონკრეტულად არაფერს პასუხობს.
"საყოველთაო რეკომენდაცია, თავის დროზე, იყო ის, რომ ეს სამსახური უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული ორ ნაწილად და გამიჯნული ყოფილიყო ერთმანეთისგან გამოძიების და პერსონალური მონაცემთა დაცვის ფუნქციები. თავის დროზე, კონკრეტული პოლიტიკური მიზეზების გამო, ეს ასე არ გაკეთდა. ახლა არის დრო იმისთვის, რომ ეს ინსტიტუციური რეფორმა გატარდეს. ერთი სამსახურის ჩანაცვლება ხდება ორი სამსახურით, არავითარი ფუნქციები არ აკლდება ამ სამსახურს მთლიანობაში, პირიქით, ემატება გარკვეული ფუნქციები გამოძიების ნაწილში. როცა მოხდა დაინიცირება, შემდეგ ჩავაყენეთ სამსახურის ხელმძღვანელი საქმის კურსში, ეს გააკეთა იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა.
ძალიან მარტივად რომ განვმარტოთ - არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქცია ერთმანეთთან ხელოვნურად გაერთიანებული, ეს არის გამოძიება და პერსონალური მონაცემები, დაახლოებით, იგივეა, ერთად რომ ჩამოყალიბდეს შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტრო. ეს გაკეთდა იმიტომ, რომ პოლიტიკური ინტერესი იყო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მაშინ იყო განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით. მაშინაც გუნდის უმრავლესობა ემხრობოდა რომ სწორად ჩამოყალიბებულიყო ეს სამსახური,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.