16 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
დემოკრატიული რეფორმა თუ ინტიტუტის დასჯა დამოუკიდებლობისთვის - ოპოზიციის და "ოცნების" პოზიციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლებაზე

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უნდა ჩანაცვლდეს, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. უმრავლესობის მიერ მოთხოვნილია საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა, რაზეც გადაწყვეტილება ბიურომ უნდა მიიღოს.

სიახლეს ოპოზიცია უწყების დასჯად აღიქვამს.

"აღნიშნული კანონპროექტი გარდა იმისა, რომ ამ ინსტიტუციას უთხრის ძირს და აყენებს უზარმაზარ დარტყმას, წარმოადგენს ღია გზავნილს უმრავლესობის მხრიდან ყველა, მათგან მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ინსტიტუციის მიმართ და, ასევე, საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი არის რეფორმის საფარქვეშ დარტყმის განხორციელება სახელმწიფო ინსპექტორზე და ყველა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ინსტიტუციაზე და ასევე, მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია ასეთი სქელტანიანი პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და ეს იქნება ჩვენი პოზიცია ეს დღეს ბიუროს სხდომაზე,"- განაცხადა "ლელოს" ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

ბრალდებას მიუღებლად თვლიან უმრავლესობაში და საკუთარ არგუმენტებს ასახელებენ. 

"აღნიშნულ ინიციატივაში ზუსტად საერთაშორისო სტანდარტით იმიჯნება ფუნქციები და უფრო დამოუკიდებლობის სტანდარტით იქმნება ორი დამოუკიდებელი უწყება. რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის ბრიფინგს, ჩემთვის უფრო მეტად საინტერესოა, მაშინ, როდესაც აღნიშნული ინიციატივა ჯერ მხოლოდ პარლამენტის წევრებისთვისაა გაგზავნილი, ის არ არის საჯარო და საჯარო მხოლოდ ბიუროს სხდომის შემდეგ გახდება. რა გზით მოიპოვა, ვისგან მოიპოვა მან ეს პროექტი, რომ მასზე უკვე დეტალურად დღეს საკუთარ პოზიციას აფიქსირებდა,"- აცხადებს რატი იონართამიშვილი. 

დღის ამბები