"ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი განმარტებით, ახალი კანონპროექტი არის უმარტივესი, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მოცულობა ძალიან დიდია.
ირაკლი კობახიძის თქმით, რაც შეეხება ინსპექტორის სამსახურში დასაქმებულ პირებს, ისინი საკუთარ პოზიციებს შეინარჩუნებენ და ორ ახალ სამსახურში გადანაწილდებიან.
"ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, არის უმარტივესი კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ მოცულობა არის ძალიან დიდი, კანონპროექტი არის ძალიან მარტივი. კერძოდ, ერთი სამსახურის ჩანაცვლება ხდება ორი სამსახურით. ეს არის თავიდან ბოლომდე ამ პაკეტის შინაარსი. არსებითად არაფერი იცვლება, იგივე რჩება დანიშვნა-გათავისუფლების სესია, ინსტიტუციური მოწყობა და ყველაფერი, ერთადერთი, რაც იცვლება შინაარსობრივად ეს არის ის, რომ გამოძიების ნაწილში ფართოვდება მანდატი და კომპეტენცია.
შესაბამისად, ჩვენ როცა გვქონდა საუბარი მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა სუბიექტებთან, ყველა აღიარებს იმას, რომ ინსტიტუციური და სამართლებრივი თვალსაზრისით ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად გამართული. ერთადერთი, რაზეც ისმებოდა არსებითად კითხვა, ეს იყო დაჩქარებული წესით რატომ განიხილება, ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ძალიან მარტივია სინამდვილეში ეს კანონპროექტი თავისი შინაარსით, რომელიც მიიღება პარლამენტის მიერ.
და მეორე, კითხვები ისმებოდა ძირითადად იმ თანამშრომლებთან დაკავშირებით, რომლებიც არიან დღეს ამ სამსახურის დეპარტამენტებში წარმოდგენილი. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ამ დეპარტამენტების თანამშრომლები ინარჩუნებდნენ საკუთარ პოზიციებს.
დღეს გვექნება კიდევ ერთხელ დამატებითი მსჯელობა, ალბათ დაყენებული იქნება ჩვენი მხრიდან კონკრეტული ინიციატივები, რის საფუძველზეც შეიქმნება უკვე კონკრეტული საკანონმდებლო გარანტია იმისათვის, რომ ადამიანებმა შეინარჩუნონ საკუთარი პოზიციები ორ სამსახურში, რომელიც ამ ერთი სამსახურის ბაზაზე დაფუძნდება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.