საქართველოს პრეზიდენტის იდეას, შეთანხმების თაობაზე მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. "ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პროცესს ოპონენტების პირობები და ინტერესები აფერხებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პოზიციების დაახლოება რთულია. როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, პრეზიდენტის განცხადებას, რომ მას ეროვნული შერიგება უნდა, თუმცა ამის რესურსი არ გააჩნია, ლოგიკური საფუძველი აქვს.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები და ნაცმოძრაობას აქვს თავის პრინციპები. ანუ, ეს არის უპრინციპობა. ანუ, მათი პრინციპი არის უპრინციპობა. აქედან გამომდინარე, რთულია პოზიციების დაახლოება, თუ არა შეუძლებელი. აქედან გამომდინარე, სკეპტიციზმს, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან, აქვს თავისი ლოგიკური საფუძველი. შესაბამისად, პრეზიდენტი საუბრობს არა შერიგებაზე, არამედ ეროვნულ თანხმობაზე, რაც არ ნიშნავს მაინც და მაინც პოლიტიკური პარტიების დამეგობრებას და შერიგებას. დავპირდით პრეზიდენტს, რომ ვიქნებით ძალიან კონსტრუქციული ამ პროცესში, ნებისმიერ პროცესში, რომლის მიზანია პოლარიზაციის ხარისხის შემცირება," - ამბობს ირაკლი კობახიძე.
განცხადება ამავე თემაზე გააკეთა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ოპოზციის ულტიმატები მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.
"საუბარია ეროვნულ თანხმობაზე, სადაც მოიაზრება ისეთი საკითხები, რომელიც შეიძლება საკამათოც კი არ იყოს. შეიძლება იყოს ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებული, ოკუპაციის თემასთან, დე ოკუპაციის მიზნებთან დაკავშირებული და ა.შ. რომელზეც მართლაც შესაძლებელია ეროვნული თანხმობა და ამაზე დიდი სიამოვნებით ვისაუბრეთ. მაგრამ, იქ რაღაც დათქმებს რომ აკეთებენ, მიშა გამოუშვან და შევურიგდებითო, არავის არ სჭირდება ბოროტებასთან შერიგება და ამ საკითხს ჩვენ არ გადავხედავთ. მათ ულტიმატუმებს არ გავხდით შერიგების ან შეთანხმების სასპეკულაციოდ,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.