16 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
"მაინც ვერ გავიგეთ, რატომ მიდის "ოცნება" მსოფლიოს წინააღმდეგ" - პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლების საკითხს განიხილავენ

პირველი კანონპროექტი, რომელსაც შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით დეპუტატებმა მხარი უნდა დაუჭირონ - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლების საკითხია. კანონპროექტის განხილვა სხდომათა დარბაზში დაახლოებით 40 წუთია მიმდინარეობს.

მომხსენებელმა, რატი იონათამიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ კანონპროექტის შინაარსზე და იმის აუცილებლობაზე, რომ კანონში ცვლილებები განხორციელდეს. 

"ხშირად ისმის ოპონენტების მხრიდან, რომ თითქოს რაღაც რეფორმა ტარდება. მკაფიოდ მინდა განვაცხადო - ეს პროექტი არანაირად არ განსაზღვრავს რეფორმას, ეს ნიშნავს იმას, რომ ინსტიტუციური მოწესრიგება ხდება არა ერთი, არამედ ორი დამოუკიდებელი სამსახურის. ეს გადაწყვეტილება და ეს მოდელი იქმნება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით. ერთი იქნება პასუხისმგებელი პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებაზე, ხოლო მეორე დამოუკიდებელი უწყება - გამოძიების ნაწილზე,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კანონპროექტის შინაარსის გაცნობის შემდეგ, დეპუტატებმა დასვეს კითხვებიც. პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური დაინტერესდა, რატომ გადაწყვიტა მმართველმა გუნდმა გაეთვალისწინებინა ეს კონკრეტული რეკომენდაცია, მაშინ, როდესაც უგულებელყო სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. 

"მაქვს ორი კონკრეტული კითხვა: რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდებოდა სამსახურისთვის მანდატის გაფართოებას, მაგალითად, დევნის დამოუკიდებლად დაწყებასთან დაკავშირებით - ამას რატომ არ ითვალისწინებთ? მეორე რეკომენდაცია, რომელიც ეხებოდა ამ სამსახურის მანდატის გაფართოვებას და გავრცელებას სუსის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ხელმძღვანელობაზე - ამას რატომ არ ითვალისწინებთ?,"-განაცხადა ანა ბუჩუკურმა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ გადაწყვიტა "ქართულმა ოცნებამ" ამ კანონპროექტის გამო საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ წასვლა. 

"მაინც ვერ გავიგეთ, რატომ მიდის "ქართული ოცნება" მსოფლიოს წინააღმდეგ, ჩვენი ყველა სტრატეგიული მოკავშირის წინააღმდეგ ამ კანონპროექტის პარლამენტში ფორსირებულად განხილვით,"-განაცხადა დეპუტატმა. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძისთვის კი საინტერესო აღმოჩნდა თუ როდის აღმოაჩინა მმართველმა გუნდმა პრაქტიკაში, რომ ამ ორი სამსახურის ერთობლიობა რაიმე განსაკუთრებულ დილემას ქმნის. 

"თუ იცით, პრაქტიკა, სამი წლის მანძილზე რა დილემა შექმნა ამ ორი სტრუქტურის ერთად არსებობამ პრაქტიკაში. მით უმეტეს, თუ საფრთხე ჰიპოთეტურია და მომავალში უნდა წარმოიშვას - რატომ არის საჩქარო, გადავდოთ, და მეორე და მესამე მოსმენისას განვიხილოთ ფართო ჩართულობით,"-განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კომიტეტებმა მხარი უკვე დაუჭირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედიზედ სამი დაჩქარებული კენჭისყრის შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა 2022 წლის 1-ელი მარტიდან გაუქმებულად გამოცხადდება.

დღის ამბები