სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა "ღამის კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ე.წ ქოლცენტრების საქმეზე და იმ ბრალდებებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, თითქოს გრიგოლ ლილუაშვილი უჩა მამაცაშვილთან ერთად ამ ბიზნეს ლობირებს. გრიგოლ ლილუაშვილმა ამ ბრალდებებს მისი და სუს-ის წინააღმდეგ შურისძიება და დეზინფორმაციული პროპაგანდა უწოდა:
"ეს არის იმ შურისძიების და დეზინფორმაციული პროპაგანდის გაგრძელების ჩვეულებრივი სცენა. დღეს ეს არის ქოლცენტრი, გუშინ იყო სხვა თემა, იმის წინ - სხვა. პერიოდულად ეძებენ თემებს, რომლითაც ცდილობენ სამსახურის და ჩემს დაზიანებას, ვინაიდან ეს უწყება ჩემი ხელმძღვანელობით აქტიურად არის ჩართული მათ შორის ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვავლენთ და მომავალშიც გამოვავლენთ ნებისმიერ დანაშაულს, რაც უკავშირდება თაღლითობას, ფულის გათეთრებას და ასე შემდეგ," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. მისი თქმით, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტი MONEYVAL-ი მაღალ შეფასებას აძლევს სუს-ის საქმიანობას სწორედ ამ მხრივ.