16 ნოემბერი 2024,   10:56
ვრცლად
ებრძვის თუ არა ანტიკორუფციული სამსახური ელიტურ კორუფციას - რას პასუხობს გრიგოლ ლილუაშვილი ოპოზიციის ბრალდებებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა "ღამის კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული სამსახური თავის ფუნქციას წარმატებულად ართმევს თავს. გრიგოლ ლილუაშვილმა ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა, იმის შესახებ, რომ სუსი მხოლოდ დაბალ საფეხურზე მყოფ კორუფციას ებრძვის. ლილუაშვილის თქმით, სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტს კანონმდებლობით აქვს შეზღუდული იმ პირთა წრე, რომელთა წინააღმდეგაც დევნის წარმოება შეუძლია.

"ჩვენ კანონმდებლობით არ გვაქვს უფლება სისხლისსამართლებრივი დევნა ვაწარმოოთ, მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, ესენი არიან მთავრობის, პარლამენტის წევრები, მოსამართლეები, საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი და საბჭოს წევრები," - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

წამყვანის კითხვას, თუ რას ემსახურება ამ თანამდებობების ასე კონკრეტულად ჩამოთვლა და ხომ არ არის მოსალოდნელი ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება, გრიგოლ ლილუაშვილმა უპასუხა რომ არა.

"ხშირად სვამენ ამ შეკითხვას, რომ ბოლოს რომელი მოსამართლე, მინისტრი დააკავეთ, მე ჩამონათვალს იმიტომ ვაკეთებ, რომ პირთა წრე, რომელთა სრული ჩამონათვალი შეიძლება ვერ მოგეცით, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეუძლია გენერალურ პროკურატურას. ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში იქ სადაც ხელი მიგვიწვდება ყველგან მივალთ და გამოვიძიებთ საქმეს, რომელიც უკავშირდება სამოხელეო დანაშაულს თუ სხვა კორუფციულ მიმართულებებს," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. სუს-ის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ  ანტიკორუფციული სამსახურის სუსისგან დამოუკიდებლად გამოყოფა ჯერჯერობით მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

დღის ამბები