79 ხმა, შვიდის წინააღმდეგ - ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის მიხედვით, მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის და კომპენსაციის გაცემის წესის დამტკიცების ვალდებულება 2025 წლამდე გადავადდება.
"პროექტით საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულება, ძალადობის მსხვერპლთათვის მოხდეს კომპენსაციის გაცემა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. ამასთან, 2022 წლის პირველ იანვრამდე მთავრობამ უნდა დაამტკიცოს მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა და გაცემის წესი. ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი სერვისები უზრუნველყოფილი არის სახელმწიფოს მხრიდან როგორც კრიზისული ცენტრების ასევე, თავშესაფრების, იურიდიული, ფსიქოლოგიური კონსულტაციების და წარმომადგენლობების კუთხით ისევე, როგორც სრულად ხდება ჯანმრთელობის ზიანის ანაზღაურება. სერვისების უზრუნველყოფას და სერვისების ზრდას აღნიშნული გადავადება ხელს არ შეუშლის,"- განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ.