პარლამენტმა მეორე მოსმენით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტს კენჭი უყარა. დღესვეა დაგეგმილი საკითხის მესამე მოსმენით განხილვა და კენჭისყრა. ოპოზიცია კვლავ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს და კანონპროექტის ასე სწრაფად განხილვას ეწინააღმდეგება.
"მოქალაქეების" ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ამ კანონპროექტის მთავარი პრობლემა სწორედ ფართო განხილვის შესაძლებლობის არარსებობაა.
"ჩვენც შეიძლება ვიდავოთ ორად გაყოფა უმჯობესია თუ უკეთესია ერთ სტრუქტურაში დარჩეს, მაგრამ ის, რომ ამაზე უნდა იყოს არსებითად განხილვა და არგუმენტებით დებატები, ყველა ვთანხმდებით. სწორედ ეს არ იყო, ყველაზე მთავარი, ამ კანონპროექტს არ ახლდა არგუმენტირებულად განხილვა, მუხლებრივ დონეზე,"-აცხადებს იოსელიანი.
"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, შესაძლებელია იყო პერსონალური მონაცემების სამსახურის ცალკე გამოყოფა ისე, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ გაუქმებულიყო.
"არანაირი გადაუდებელი საჭიროება, რომ ახალ წლამდე, ასეთი დაჩქარებული წესით იყოს მიღებული ეს საკანონმდებლო ინიციატივა, არ არსებობს. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც ფუნქციონირებს. იმაზე საუბარი, რომ ადრე არასამთავრობო ორგანიზაციებს სურდათ გამიჯნულიყო პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქცია და საგამოძიებო ფუნქციები, ამაზე აპელირება წმინდა წყლის დემაგოგიაა. თუ მაინცდამაინც ამაზეა საუბარი, ეს შეიძლება გააკეთო ისე, რომ არ გააუქმო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური,"- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე კი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ეს პროცესი ნაჩქარევად და ფარულად დაიწყო.
"ქართული ოცნება" ამას ფუთავს, თითქოს ევროპული პრაქტიკიდან გამომდინარე უნდათ სიკეთის გაკეთება, რომ გამოძიების ინტერესმა არ დააზიანოს პერსონალური მონაცემის დაცვის ინტერესი. ეს თუ ასე იყო და ამხელა სიკეთეს აკეთებდნენ ევროპისთვის, ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის, ამას არ გააკეთებდნენ ფარულად, სამსახურთან შეთანხმების გარეშე, დაჩქარებულად და ორ დღეში. ვითომ ამ დიდი მიზნების უკან, სინამდვილეში, იმალება ანგარიშსწორება სტრუქტურის და ხელმძღვანელის მიმართ, რომ, მომავალში არავინ არ გაბედოს პარტიისგან განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.