20 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
შშმ არასრულწლოვნის ცემის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ

არასრულწლოვანი შშმ პირის  მეტროში ცემის საქმეზე დაკავებულ პატრულ ინსპექტორებს, ნუკრი ბაქრაძესა და კახა ბაკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო და არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა გირაოს შესახებ. არაადამიანური მოპყრობის მუხლით დაკავებული პატრულ-ინსპექტორის ნუგზარ ბაქრაძის ადვოკატი 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, მეორე ბრალდებულის კახაბერ ბაკაშვილის ადვოკატი კი 10 000-ლარიან გირაოს.

სხდომას დაზარალებული მოზარდიც ესწრებოდა.

პროკურორის განცხადებით, დაკავებულები ამბობენ, რომ ვიდეო კადრებში ისინი არ არიან. თუმცა ორივე მათგანი მათმა ხელმძღვანელმა ამოიცნო. კადრებს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

"ორივე ბრალდებულს წარედგინა საქმეზე დამაგრებული ვიდეოჩანაწერები და უშუალოდ ძალადობის ამსახველი კადრები და ორივე მათგანმა უარყო ჩვენ არ ვართო, დღევანდელ პროცესზე კი საერთოდ დუმილის უფლება გამოიყენეს და როგორც მათ ასევე ადვოკატებს არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით," - აცხადებს  ძალადობაში ბრალდებული პატრულ-ინსპექტორების საქმის პროკურორი ალექსანდრე ჩხეიძე.

არასრულწლოვანის ოჯახის ადვოკატი კი არ გამორიცხავს, რომ შესაბამისი საგამოძიებო ქმედებების შემდეგ ბრალდება წამებად გადაკვალიფიცირდეს.

წინასასამართლო სხდომა 15 მარტს გაიმართება.

დღის ამბები