რუსეთი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად ყალბი საბაბის გამოყენებას ცდილობს - განცხადება თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა შეერთებული შტატებისა და მისი რამდენიმე მოკავშირის ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა.
რისკებს ვაშინგტონში აფასებენ და მაგალითისთვის რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გაკეთებულ განცხადებებს იხსენებენ, რა დროსაც უწყებამ - შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა.
ჯენ ფსაკის თქმით, რუსეთი ყალბ ამბებს სირიასა და უკრაინაზეც ავრცელებდა, შედეგად რუსეთის მიერ ადრე ჩადენილი ქმედებები იმის მაჩვენებელია, თუ როგორია მისი ტაქტიკა.
"მაგალითად, რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, რაც რუსეთს საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის საშუალებას აძლევდა. ჩვენი მიზანია, არ მივცეთ რუსეთს შესაძლებლობა, ეს ტყუილები უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად გამოიყენოს,“ - ამბობს ჯენ ფსაკი.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რუსულ მედიასთან ინტერვიუში უკრაინასა და საქართველოზეც ისაუბრა.
ვიქტორია ნულანდის განცხადებით, უსაფრთხოების განუყოფლობას საფრთხეს უქმნის რუსეთი, რომელიც შეიჭრა საქართველოში, ასევე დონბასში და მოახდინა ყირიმის ანექსია.
ნულანდის შეფასებით, საჭიროა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, შეიარაღების კონტროლზე მუშაობა და სამხედრო რისკების შემცირება.