27 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
რა კავშირი აქვს არახამიას საქართველოდან ელჩის გაწვევასთან - კობახიძე ენმ-სა და უკრაინის ხელისუფლების კოორდინირებულ ქმედებაზე საუბრობს

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის მიერ, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა - როგორც მან განმარტა, უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ალოგიკური და გაუმართლებელია. ირაკლი კობახიძის თქმით, აშკარაა ორმაგი სტანდარტი, რომელსაც თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს. 

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეული იქნას სამხედრო კონფლიქტში და ამ მცდელობაში ის "ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს. კობახიძის განმარტებით ენმ-ს უკრაინის ხელისუფლებაში დაახლოებული პირები ჰყავს, მათ შორის დავით არახამია:

"კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას. ამასთან, კიდევ ერთხელ გვსურს გამოვეხმაუროთ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ, ეს გადაწყვეტილება არის სრულიად გაუმართლებელთან ერთად, ალოგიკური მრვალი მიზეზის გამო. კერძოდ, როგორც ყველას მოგეხსენებათ, საქართველომ ქმედითი ნაბიჯებით გამოხატა პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყველა შესაბამის პლატფორმაზე. უკრაინას არ გაუწვევია ელჩები იმ ქვეყნებიდანაც კი, რომლებმაც საერთაშორისო ორგანიზაციებში, რუსეთის სასარგებლო პოზიცია დააფიქსირეს. მაგალითად, უკრაინას არ გაუწვევია ელჩები იმ ქვეყნებიდანაც კი, რომლებმაც რუსეთისთვის ევროსაბჭოს წევრის სტატუსის შეჩერებას არ დაუჭირეს მხარი, ან გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობაზე თქვეს უარი. თუ ელჩის გაწვევის მიზეზი სანქციების არდაწესება იყო, შეგახსენებთ, რომ სანქციების არდაწესებაზე უარი თქვა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის - მოლდოვამ, თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა და სხვამ. თუმცა უკრაინის ხელისუფლებას ელჩი არც ერთი ამ ქვეყნიდან არ გაუწვევია. თუ ელჩის გაწვევის მიზეზი, საქართველოს მტავრობის მონაწილეობით, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა იყო, შეგახსენებთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება არაერთმა ქვეყანამ მიიღო, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და სხვამ, თუმცა ეს გადაწყვეტილება გამხდარა შესაბამისი ქვეყნებიდან უკრაინის ხელისუფლების მიერ, ელჩის გაწვევის მიზეზი. ალოგიკურობის კულმინაცია ის ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლებას ელჩი ამ დრომდე არ გაუწვევია ბელარუსიდანაც კი, როდესაც რუსეთი აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიას სამხედრო ინტერვენციისთვის იყენებს. 

აშკარაა ორმაგი სტანდარტი, რომელსაც, ბუნებრივია, თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს. 
ისიც ალოგიკურია, რომ ომში ჩართული ქვეყნის ხელისუფლების ლიდერებს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება შეიძლება ესახებოდეთ.

როგორც გუშინაც განვაცხადეთ, აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. დავით არახამია, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავადაც აღნიშნა, მისი "დაფრთიანებულია". უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად. ასეთ პირობებში, მათ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, ბუნებრივია, მარტივად შეუძლიათ.
სამწუხაროა, რომ ამგვარი ქმედებებით ეს ადამიანები დამატებით პრობლემებს უქმნიან ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ უკრაინას და მის ხელისუფლებას,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

დღის ამბები