07 დეკემბერი 2024,   18:12
ვრცლად
ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმმა რუსეთში შესვლის საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი დანიშნა - რა უნდა იყოს საპასუხო ნაბიჯი საქართველოს მხრიდან

საოკუპაციო რეჟიმის მორიგიო უკანონო გადაწყვეტილება - ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ რუსეთში შესვლაზე 10 აპრილს ეგრეთწოდებული რეფერენდუმი დანიშნა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანი ამბობს, რომ "რეფერენდუმი" ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება. მანამდე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯები მოსალოდნელი იყო. თინა ბოკუჩავას განცხადებით, მაშინ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინა გაიმარჯვებს, გამარჯვებას გაინაწილებს საქართველოც.

"რუსეთის მხრიდან ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების სრულ ანექსიაზე საუბარი, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, განსაკუთრებით ახლა, თუმცაღა, დარწმუნებული ვარ, უკრაინა ამ ომში, დღეს თუ ხვალ, აუცილებლად გაიმარჯვებს და შესაბამისად, ამ გამარჯვების ნაწილი გახდება საქართველოც,"- აცხადებს თინა ბოკუჩავა.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ამ რეფერენდუმზე საქართველოს რეაქცია დასავლეთთან კიდევ უფრო ინტენსიურ თანამშრომლობაში უნდა გამოიხატოს.

"ჩვენ ამას უნდა ვუპასუხოთ დასავლეთთან მართლა მჭიდრო და გულწრფელი ინტეგრაციით, რომ ჩვენი ეს პრობლემა გახდეს არამარტო ჩვენი, არამედ მთელი სამყაროსთვის გასაგები პრობლემა, რომ რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ აგრესიას აწარმოებს უკრაინაში, არ გაჩერებულა და არც გაჩერდება, თუ მას სხვანაირი, სათანადო პასუხი არ გაეცა,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.

"ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ ამ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთის რეაქციაა, ხოლო საქართველოს საკუთარი ტერიტორიების ძალისმიერი მეთოდით დაცვის შესაძლებლობა არ აქვს.

"როგორც ჩანს, პროვოკაციები ამ კუთხით საქართველოს მიმართ გააქტიურდება და კიდევ ბევრ პროვოკაციას უნდა ველოდოთ, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით. ასევე, უნდა დაველოდოთ რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთს და ეს იქნება მესიჯი საქართველოს მიმართ, კიდევ ერთი, დამატებითი, რომელიც ჩვენს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფასთან არის დაკავშირებული. საქართველოს დღეს აქვს შესაძლებლობა, რეაგირება მოახდინოს საერთაშორისო ბერკეტებით მსგავს ნაბიჯებზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. საქართველოს, სამწუხაროდ, დღეს იმის ძალა არ შესწევს, რომ თავისი კუთვნილი ძალისმიერი მეთოდებით დაიცვას და ოკუპირებული ტერიტორიები ძალისმიერი მეთოდებით დაიბრუნოს, ამაზე ლაპარაკი არ არის,"- აცხადებს ბექა დავითულიანი.

დღის ამბები