03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
DHL და TNT ეკონომიკის სამინისტროს ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ

საქართველოში მოქმედი საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. გაფიცულებს შორის არიან კომპანიები  DHL და TNT.

კომპანიათა წარმომადგენლების მტკიცებით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი საერთაშორისო სტანდარტებს არღვევს და გადამზიდავებს კაბალურ პირობებში აყენებს.

გადამზიდავები აცხადებენ, რომ არსებობდა არაერთი მოლაპარაკება ეკონომიკის სამინისტროსა და ევროკომისიას შორის, შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის სამინისტროს უარი უნდა ეთქვა ადგილობრივი ბაზრის რეგულირებაზე.

გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლების თქმით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მათ მოუწევთ გასვლა საქართველოს ბაზრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი 20 წელზე მეტია მუშაობს ქვეყანაში.

კომპანიები ეკონომიკის სამინისტროსგან მოითხოვენ ევროკომისიასთან დადებული პირობის დაცვას და რეგულაციის გადახედვას, რომლის მიხედვითაც ბაზარზე მყოფ ყველა კომპანიას ექნება საშუალება, თავისუფლად იმოქმედოს და იმუშაოს საქართველოში.

TNT-ის დირექტორის ნინო მენთეშაშვილის თქმით, ასოცირების ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება არეგულიროს კურიერული სამსახური. დანარჩენ საფოსტო მომსახურებაზე საუბარი არ არის.

ევროკომისიის და ასოცირების მოთხოვნების შეთანხმების შეუსრულებლობაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოშიც“. მათი თქმით ეკონომიკის სამინისტროში არსებობს გადამუშავებული კანონპროექტი, თუმცა მისი გასაჯაროვება არ ხდება, რადგან არანაირი ცვლილება მასში ევროკომისიის მოთხოვნის საფუძველზე არ შესულა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თუ მოხდება კანონპროექტის ინიცირება და მას მიიღებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად საუბარია ადგილობრივი გადაზიდვების რეგულირებაზე კონკრეტულად კი 20 კილოგრამიანი ამანათებისა და 100 გრამამდე წერილობითი გზავნილების გადაზიდვებზე, რომლებსაც კანონპროექტის მიხედვით შეასრულებს საქართველოს ფოსტა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები