03 მაისი 2024,   17:46
ვრცლად
უკრაინის დაზვერვა არ გამორიცხავს, რუსებმა "აზოვსტალის" ქარხანას სამტონიანი ბომბებით შეუტიონ

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. მხარეები ომის მეორე ფაზაზე საუბრობენ მთავარი სამიზნე დონეცკის და ლუჰანსკის ოლქებია, ამასთან, ბრძოლა გრძელდება მარიუპოლისთვის. საოკუპაციო ძალები ქალაქის მცველებს მორიგ ულტიმატუმს უყენებენ, აძლევენ დროს დანებებისთვის. უკრაინის დაზვერვა არ გამორიცხავს "აზოვსტალის" ქარხნის გასანადგურებლად სამტონიანი ბომბები გამოიყენონ. აქ თავს, ცნობილ "აზოვის" ბატალიონსა და 36-ე საზღვაო ბრიგადასთან ერთად, თავს აფარებს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

ახლა რუსეთის მთავარი ამოცანა ანექსირებული ყირიმის მიმართულებით სახმელეთო დერეფნის გახსნაა. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ სწორედ ამ მიმართულებაზე არსებული ქალაქებია.

"​ლისიჩანსკში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა, მოსახლეობას მოგიწოდებთ ევაკუაციისკენ, სანამ ჯერ კიდევ არის ამის შესაძლებლობა, არავინ იცის, რა იქნება 5 წუთის შემდეგ, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, თავი უსაფრთხო ადგილზე შეაფაროთ. ჩვენ დაზღვეულები არაფრისგან არ ვართ," - განაცხადა ლისიჩანსკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსმა ალექსანდრ ზაიკამ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის ოლექსანდრ მოტუზიანიკის განცხადებით,  აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში ოკუპანტებმა შეტევითი მოქმედებები გააძლიერეს.

"მტერმა გააძლიერა შეტევითი მოქმედებები აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში, მათი მთავარი მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულად დამარცხება, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარება და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიასთან სახმელეთო დერეფნის შენარჩუნებაა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დასავლეთ ნაწილში, სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმები გრძელდება. გრძელდება საარტილერიო დაბომბვები ხარკოვსა და მიკოლაივშიიზიუმის მიმართულებით აგრესორმა განახორციელა შეტევითი მოქმედებები მდინარე სივერსკი დონეცის მარცხენა სანაპიროზე. მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია უკრაინის თავდაცვის გარღვევაზე, განსაკუთრებით ლუგანსკსა და დონეცკის ოლქებში. ოკუპანტები ასევე აგრძელებენ მარიუპოლზე სრული კონტროლის აღების მცდელობებს,"-  აღნიშნა ოლექსანდრ მოტუზიანიკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ირონიას უწოდებს იმას, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იმ რაკეტებს იყენებს, რომელიც მას თავად უკრაინამ გადასცა თავად დროზე ბუდაპეშტის მემორანდუმის საფუძველზე

"რუსეთი უკრაინაში სარაკეტო იერიშების მიტანას ომის ბოლო დღემდე გააგრძელებს. ეს სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.არ უნდა იყოს არავითარი ილუზია, სარაკეტო დარტყმები ჩვენს ქალაქებზე ომის ბოლო დღემდე განხორციელდება. უსაფრთხო ადგილი ახლა არ არსებობს. ჯერ კიდევ ბევრი რაკეტაა. ისინი ძირითადად იყენებენ საჰაერო ბაზირების რაკეტებს, რომლებიც უკრაინამ მათ ბუდაპეშტის მემორანდუმის საფუძველზე გადასცა. ამაში მდგომარეობს დიდი ირონია. ასეთი რაკეტა მათ ჯერ კიდევ ასეულობით აქვთ. ოკუპანტები მთელს სარაკეტო არსენალს უკრაინის წინააღმდეგ არ გამოიყენებს. რაკეტების ნაწილს რუსეთი "ნატოსთან საშიში ომისთვის" დაიტოვებს. რუსეთმა რომ ნატოს ბაზას დაარტყას , მაშინ ნატოს ჯარები ომს 3 დღეში დაასრულებენ. ამიტომ რუსეთი ამას არ გააკეთებს,"  - უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი.

დღის ამბები